ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ განაგრძო კარგი თანამშრომლობა საკუთარი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებით
ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ განაგრძო კარგი თანამშრომლობა საკუთარი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებით

საქართველომ განაგრძო კარგი თანამშრომლობა საკუთარი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1% -მდე შემცირდა (2018 წლის 4.7% -თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3,795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„საქართველომ განაგრძო კარგი თანამშრომლობა საკუთარი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებით. 2019 წელს დაბრუნების მაჩვენებელი 52% – მდე შემცირდა (2018 წელთან შედარებით 65%), ეფექტიანად მოხდა საქართველოს 8,520 მოქალაქის დაბრუნება. რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რეადმისიასთან დაკავშირებით კარგ თანამშრომლობას აღნიშნავენ, დაბრუნების მაჩვენებლის შემცირება არ უნდა აღიქმებოდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან ცვლილებები თანამშრომლობის პროცესში. დაბრუნებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები შეიძლება მიეწეროს ზოგიერთი იმ წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ პროცედურებსაც, სადაც ხვდება უკან დასაბრუნებელი არალეგალური მიგრანტების უმეტესი ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემა (RCMS) შეიმუშავა. ამ სისტემას ამჟამად 17 წევრი ქვეყანა იყენებს, რომელიც მისი გამოყენებით კმაყოფილია და განსაკუთრებით აფასებს საქართველოს მიერ განაცხადების დროულ განხილვას. რეადმისიის მოთხოვნებზე დადებითი პასუხების მაჩვენებელი არის 98%. ამ სისტემას სხვა მესამე ქვეყნებისთვის ხშირად საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების მაგალითად მოიხსენებენ“ , – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე და არსებით ძალისხმევას მოითხოვს.
„თავშესაფრის მოთხოვნები ხშირად ბოროტად გამოიყენება ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პრობლემის მოგვარებას და ევროკომისიასთან, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ოპერატიული ქმედებების კომპლექის შემოღებაზე მუშაობს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს იმ გამოწვევების შემცირებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ არალეგალურ მიგრაციასა და დანაშაულებს ეხება. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენების გასაჩერებლად, საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რაც, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობისთვის და ასევე საერთაშორისო დაცვის (მაგალითად, თავშესაფრის) მოპოვების მიზნით გაყალბებული ინფორმაციის მოწოდებაში დახმარებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველომ აიღო ვალდებულება კიდევ უფრო შეეზღუდა გვარების შეცვლის პროცედურა (რაც 2018 წელს უკვე შეიზღუდა)“,- წერია ევროკომისიის ანგარიშში.