ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიშს წარადგენს
ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიშს წარადგენს

ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიშს წარადგენს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს კომისია წარადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შეფასების შესახებ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სერბიის, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ.

„მოცემული ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება და უვიზო მიმოსვლას კვლავ მოაქვს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ანგარიშში დეტალურად არის განხილული უსაფრთხოებისა და მიგრაციის კონკრეტული სფეროები, სადაც შემდგომი ქმედებაა საჭირო“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია. 

როგორც ცხოვრების ევროპული წესის პოპულარიზაციის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტას შინასმა განაცხადა, სულ უფრო მზარდად მობილურ სამყაროში, ევროკავშირი სამართლიანი და მოწესრიგებული მოძრაობისკენ მიისწრაფის და ამ მხრივ უვიზო მიმოსვლა პარტნიორ დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მთავარ მიღწევად რჩება.

„თუმცა, უვიზო მიმოსვლა პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, რომ ამ სფეროებში მიღწევებს შეინარჩუნებენ, რათა უზრუნველვყოთ უვიზო მიმოსვლა, რაც ჩვენს საერთო ინტერესშია“, – განაცხადა მარგარიტას შინასმა.

შინაგან საქმეთა საკითხებში კომისარმა ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს უწყობს ადამიანთა შორის კონტაქტებს, ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს შორის კავშირებს აძლიერებს.

„ეს არის ძლიერი საშუალება გარდამქმნელი რეფორმების წინსვლისთვის, მათ შორის მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში. გასული წლების განმავლობაში ვიხილეთ უვიზო მიმოსვლის მქონე პარტნიორების მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც ჩვენს კავშირს აძლიერებს. საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა ამ მიღწევების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ილვა იოჰანსონმა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა შეფასებული ქვეყანა აგრძელებს ზომების მიღებას არალეგალური მიგრაციის საკითხისა და საზღვრის დაცვის გამოწვევების მოსაგვარებლად. კოორდინაცია საზღვრის დაცვის ორგანოებს შორის და თანამშრომლობა რეადმისიისა და დაბრუნების შესახებ დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანასთან არის დადებითი.

„მოქალაქეთა უმრავლესობა უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნებიდან კეთილსინდისიერი მოგზაურები არიან, ვისაც ევროკავშირში გამგზავრების ლეგიტიმური საფუძველი აქვს. თუმცა, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით:

მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საერთო რიცხვის შემცირება, მთლიანი რაოდენობა კვლავ შეშფოთების წყაროა, განსაკუთრებით ალბანეთისა და საქართველოს მიმართებაში. ბევრი შეფასებული ქვეყნიდან მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია გაიზარდა.

როგორც თავშესაფრის მაძიებლების, ისე დაბრუნების პროცედურის გავლის პროცესში მყოფი პირების განსახლების შესაძლებლობა არასაკმარისია დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) შეთანხმებების წარმატებული შესრულება ხელს შეუწყობს სასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას და უნებართვო შესვლის თავიდან აცილებას ძირითადი უფლებების სრული დაცვით. დარჩენილი შეთანხმებები სწრაფად უნდა დასრულდეს.

ამ ანგარიშში შეფასებულმა უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა ქვეყანამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გააკეთოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ყველა ქვეყანამ განაგრძო ზომების მიღება ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გზით.

„ორმხრივი შეთანხმებები დასავლეთ ბალკანეთის ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად არის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი უსაფრთხოების პრიორიტეტულ სფეროებში სამოქმედოდ, მათ შორის არის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ყველა ფორმის პრევენცია და უცხოელი ტერორისტი მებრძოლების და მათი ოჯახების დაბრუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები. თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად:

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ყველა ქვეყნიდან კვლავაც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მოიცავს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით და სხვადასხვა აკრძალული საქონლით (კერძოდ, ნარკოტიკებით და თამბაქოთი) ვაჭრობას;

ყველა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს და გააფართოვოს პროაქტიული ოპერატიული თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან და გააძლიეროს  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდაცვით სფეროში.

მოლდოვა და უკრაინა განსაკუთრებით დაზარალდნენ გახმაურებული საბანკო თაღლითობების გამო, სადაც მცირე წინსვლაა მიღწეული დამნაშავეთა დასჯასა  და მოპარული აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოლდოვაში მნიშვნელოვანი ქმედებები განახორციელა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ძალისხმევა სრულად განხორციელდეს და შენარჩუნდეს. უკრაინაში მნიშვნელოვანია ანტი-კორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კიდევ უფრო გაძლიერება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისას არაპოლიტიკური და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების უზრუნველყოფის გზით. ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ იქნება დამოკიდებული და დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაში კონკრეტულ წინსვლაზე, კერძოდ კი ანტიკორუფციულ და მართლმსაჯულების სფეროებში.

ევროკომისია განაგრძობს ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტი შესრულების მონიტორინგს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების, და ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის რეგულარული შეხვედრების საშუალებით და ევროკავშირსა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის დიალოგის გზით; რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, წარმოდგენილი იქნება რეგულარული ანგარიშები გაფართოებასთან დაკავშირებით, და სადაც რელევანტურია, მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია განაგრძობს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენას სულ მცირე წელიწადში ერთხელ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი