ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ 5 ნოემბერს სოფელ კოდაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღებული დაპირისპირების დროს ორი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას კი საქართველოს ხელისუფლება მალავს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თბილისის რეჟიმმა უსაფრთხოების რეალური საფრთხე შექმნა“.
ე.წ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტის შემდეგ, სოფელ კოდის მცხოვრებლებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ჩვენება მიეცათ, თითქოს შეირაღებული დაპირისპირება დაკავშირებული იყო ქართული მხარის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოსური სადაზვერვო ჯგუფის შეღწევასთან.
„არსებული მონაცემებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა დასახლებულ პუნქტ კოდის მცხოვრებლების უკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია ჩორჩანა-კობი-კოდა-ატოცის რაიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლოკპოსტების აღმართვასთან, დაძაბულობის საერთო ესკალაციასთან და ქართული პოლიციის მცდელობასთან, სოფლის სიმაღლეებზე საქართველოს დროშები აღმართონ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადებაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საქართველოს პირველ არხს მისიაში განუცხადეს, რომ ისინი 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ და ვერ დაადასტურებენ, რომ გასროლას ჰქონდა ადგილი.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შემოსულა მაშინ, როცა ინციდენტი სავარაუდოდ მოხდა. ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია პატრულირებს 24-საათიანი რეჟიმით, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ არ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა სროლა ან საერთოდ რამე სროლა მოხდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გაგვიგია სროლის ხმა და ვერ ვადასტურებთ, რომ რამე სროლას ჰქონდა ადგილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა, დეზ დოილმა.