ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - 5 ნოემბერს დამკვირვებლებს არ დაუდასტურებიათ არც ერთი გასროლა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ 5 ნოემბერს, კოდაში სროლებთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე არავითარი აქტივობა არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, სადამკვირვებლო მისიამ თავად მოახდინა ცხელი ხაზის ინიცირება დაზუსტებისთვის მას შემდეგ, რაც განცხადებებში და მედიაში ბრალდებები გაჩნდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მისია 24 საათის რეჟიმში არის წარმოდგენილი და 5 ნოემბერს, კოდის მახლობლად რამდენიმე პატრული ჰყავდა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს არ დაუდასტურებიათ არც ერთი გასროლა. ადგილობრივებთან მისიის გამოძიების ბოლო მონაცემებზე და საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, მისიას არ აქვს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ზონაში სროლის შესახებ ინფორმაცია დაადასტუროს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ 5 ნოემბერს სოფელ კოდაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღებული დაპირისპირების დროს ორი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას კი საქართველოს ხელისუფლება მალავს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თბილისის რეჟიმმა უსაფრთხოების რეალური საფრთხე შექმნა“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადებაა და სიმართლეს არ შეესაბამება.