საქართველომ 2018 წელს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მტკიცე მისწრაფება დაადასტურა, რაც საქართველოს მთავრობისა და ევროკომისრების მაღალი დონის ნოემბრის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების თაობაზე მესამე ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, არსებითი წინსვლა დაადასტურა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზშია აღნიშნული, ანგარიშში განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს გასული წლის პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება. ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უწყვეტი საკანონმდებლო რეფორმა და წესებისა და სტანდარტის მტკიცე დანერგვა (ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად) საქართველოს მოქალაქეებისთვის გადამწყვეტია და შესაძლებლობას აძლევს მათ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მჭიდრო ურთიერთობების შედეგებით სრულად ისარგებლონ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა.
„2017 წლის მარტის შემდეგ, საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და 2009 წლიდან 63 000-ზე მეტმა ბიზნესმა და ფერმერმა სესხი მიიღო. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას „ასოცირების დღის წესრიგის“ გათვალისწინებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სფეროში. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტებს 2020 წლამდე და მოიცავს რეფორმებს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას კვლავ მოაქვს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დადებითი შედეგები.
„ნოემბრის მაღალი დონის შეხვედრაზე შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელება ჩვენს ურთიერთობებს შემდგომ ბიძგს მისცემს. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გასავითარებლად. 2018 წლის სექტემბერში, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი ევროპული სკოლა თბილისში გაიხსნა და საქართველომ გაზარდა მონაწილეობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამა „ერაზმუს + “, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მესამე ანგარიში აფასებს წინსვლას „ასოცირების დღის წესრიგის“ განხორციელების პროცესში ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომის შემდეგ. მთლიანობაში, ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შეთანხმებული ვადების დაცვით შესრულდა. გასული წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის და საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმის ფარგლებში.
ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები საერთო კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მას გარკვეული ხარვეზებიც ახლდა. მცირე წინსვლა განხორციელდა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული შედეგების გამყარებისა და ამ მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო რეფორმების მე-4 ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიქმნა მართლმსაჯულების რეფორმების პლატფორმა, რომელსაც პარლამენტი ხელმძღვანელობდა.
„წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დიალოგი გააგრძელოს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე განაგრძო ძალისხმევა არალეგალური მიგრაციის საკითხების მოსაგვარებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებით, „ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების თანდათანობითი დაახლოებით, ევროკავშირის რეგულაციებსა და სტანდარტებთან საქართველო აგრძელებს გლობალურ ჯაჭვებში თავისი მონაწილეობის განმტკიცებას. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2017 წელს ევროკავშირი კვლავ იყო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 27 პროცენტს შეადგენდა. 2018 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. ამ კუთხით, ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ცხოველური წარმოშობის ახალი პროდუქტებისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო მიღწევა იყო“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან 10 წელი შესრულდა. ევროკავშირი კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის მზადყოფნა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, მტკიცეა, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და სამხრეთი კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობაში ვლინდება. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2018 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და შესაძლებლობებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხისთვის.
ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში, ტერორიზმისა და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ასევე მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით მოქმედ მისიებში და ოპერაციებში, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ქვეყნების მდგრადობის გაზრდას და ევროკავშირის, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველმყოფელის, როლის გაძლიერებას.
ანგარიში „საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ დღეს გამოქვეყნდა.