ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ახლო თანამშრომლობის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს
ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ახლო თანამშრომლობის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა საქართველოს მთავრობასთან ახლო თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ერთობლივ ორმხრივ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი.

ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაცულ იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, ხოლო მედიასაშუალებების მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ, მიუხედავად მათი სხვადასხვა პარტიებთან აფილირებისა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიტიკური დებატების ზრდას, როგორც ეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR) წინასწარ ანგარიშშია გაცხადებული. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშემწყობი გარემო.

ასოცირების საბჭო მიესალმა საკონსტიტუციო რეფორმის მიღებას და ვენეციის კომისიის მიერ მთლიანობაში დადებით მოსაზრებას, რომლის მიხედვით აღნიშნული რეფორმა საქართველოს საპარლამენტო სისტემისკენ გადასვლის დასრულებად შეფასდა. ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თანამშრომლობისკენ და ღია დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოში მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა საქართველოს მთავრობასთან ახლო თანამშრომლობისა, რათა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ერთობლივ ორმხრივ დღის წესრიგში.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო 2017 წლის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მოხსენება საქართველოს შესახებ და დადებითად შეაფასა მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს 2016 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი უწყვეტი ვალდებულება ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ.

ასოცირების საბჭო მიესალმა დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დამტკიცებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. აღნიშნული დოკუმენტი, ასოცირების 2017-2020 წწ. განახლებულ დღის წესრიგში გაწერილ ძირითად პრიორიტეტებთან ერთად, გვთავაზობს პრაქტიკულ სამუშაო ჩარჩოსა და გზამკვლევს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების განსახორციელებლად.

ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო ამოცანები დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის გასაგრძელებლად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მდგრად ძალისხმევას რეფორმების განხორციელების საკითხში და მის ამბიციას ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოს თხოვნა იმის შესახებ, რომ შესაბამისად გაგრძელდეს ჩართულობა ევროპულ ნორმებთან, პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან დასაახლოებლად, ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის განხორციელების მეორე წელს, ევროკავშირი ფოკუსირდება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდაჭერაზე, განათლებასა და ახალგაზრდობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტრანსპორტზე; აღნიშნულის მიზანია რეგიონის მედეგობის/მდგრადობის ზრდა და მთლიანი სამეზობლოს სტაბილურობის გაძლიერება. ევროკავშირმა აღიარა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციის განმტკიცება. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების გზები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ასევე შეაჯამეს 2017 წლის ოქტომბერში საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის პირველ შეხვედრაზე განხილული საკითხები. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მსგავსი დიალოგი უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობის კარგ პლატფორმას წარმოადგენს.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წინსვლას სასამართლო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დარჩენილ გამოწვევებზე მუშაობა და მიღწეული წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკუთარ ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის საკითხებში.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო რეჟიმის ეფექტურ იმპლემენტაციას და ხაზი გაუსვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის მდგრადობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ევროკავშირი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციით საქართველოს უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა; ის ასევე მიესალმა მთავრობის პასუხისმგებლობას და აქტიურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებების და მოვალეობების საკითხებზე.

ასოცირების საბჭომ მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად ჩართოს ქალები პოლიტიკაში და განაგრძოს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის, ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ეფექტური განხორციელება. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოს ახალი სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესში.

ორივე მხარე მიესალმა საქართველოს წინსვლას ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხში, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ჩათვლით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შემდგომი განხორციელება, განსაკუთრებით სარეგულაციო დაახლოების და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერების გზით, მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების უწყვეტ ძალისხმევას, ასევე ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს მხარდასაჭერად ამ პროცესში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მკაცრი მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობას ამ კუთხით და მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მიღწეულ შეთანხმებას, რომელმაც საშუალება მისცა ევროკავშირს საქართველოსთვის გამოეყო ბოლო ტრანში ევროკავშირის წინა მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში. ასოცირების საბჭო ასევე მიესალმა ევროკომისიის წინადადებას საქართველოსთვის ახალი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედების თაობაზე, რომელიც 45 მილიონამდე ევროთი დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების პროცესის გაგრძელებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას და საქართველოს ვაჭრობის დადებით რეორიენტაციას ევროკავშირის მიმართულებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ექსპორტისგან სრული სარგებლის მიღების და პოტენციალის ზრდის მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) საშუალებით; ასევე საქართველოს ბიზნეს სექტორის ინფორმირების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) მოქმედების და მისი სარგებლის შესახებ. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ორივე მხარე ანიჭებს გეოგრაფიული აღნიშვნების მაღალი დონის დაცვას და აღნიშნა, რომ ხსენებულ სფეროში საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რაც ევროკავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან გააჩნია. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ურთიერთკავშირების სფეროში, და მიულოცა საქართველოს 2017 წლის ივლისში, ენერგეტიკული გაერთიანებაში ოფიციალურად გაწევრიანება, რაც არის ფუნდამენტური ნაბიჯი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ, შესაბამისი ვალდებულებების განხორციელების გზით. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც წამყვანი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ტრანზიტული ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნის გზით, მისი შუა აზიის და შავი ზღვის მონაკვეთების ჩათვლით. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს რომ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია (GOGC) ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის კომპანიის წილის მფლობელი გახდა.

ასოცირების საბჭო მიესალმა დახმარების ახალი პაკეტის მიღებას 2017-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 370-დან 450 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფას და კონცენტრირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და საბაზრო შესაძლებლობებზე, ინსტიტუტების გაძლიერებასა და კარგ მმართველობაზე, ურთიერთდაკავშირების, ენერგო ეფექტიანობის, გარემოსა და კლიმატური ცვლილებების, მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერაზე და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიან გეგმასთან.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების საქმეში, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სოფლის შემდგომი განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ამ კონტექსტში, ორივე მხარე მიესალმა 2018-2022 წლების, „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD) მე-3 ფაზაში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს 77.5 მილიონი ევროს დახმარებას ჰპირდება.

ევროკავშირი მიესალმა თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ დაარსების საქმეში მიღწეულ პროგრესს და იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსთან და საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკვე მოქმედ საერთაშორისო სკოლებთან, რათა 2018 წლის სექტემბერში მოხდეს მოსწავლეების პირველი ნაკადის მიღება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია/დამოკიდებულება და მისი გადამწყვეტი როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის ფართო/კომპლექსური გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის თვალსაჩინო და არსებითი გამოხატულებაა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გზით.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მიღწევის გადამწყვეტ მნიშვნელობას, საქართველოში არსებული კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. ის ასევე შეთანხმდა, რომ სრულყოფილად ფუნქციონირებადი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე ნდობის, პროგნოზირებადობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ღირებულ წვლილს ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის პრევენციის საქმეში.

ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ განგრძობადი იმპლემენტაციის, სოხუმსა და ახალგორში“საბაჟო პუნქტების” გახსნის, სახელის შესაცვლელად ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვისა და აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე „გამშვები პუნქტების“ დახურვის გამო. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა სოხუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, გაეთავისუფლებინა სოფელ ხურჩაში შეუიარაღებელი ქართველი სამოქალაქო პირის მკვლელობაში დამნაშავე და მოუწოდა მისი დაუყოვნებლივი დაკავებისკენ. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევების გააქტიურებისა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გაგრძელების გამო.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესის გააქტიურება და მუდმივი სამხედრო წვრთნები წამოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას, და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ. ასოცირების საბჭომ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, მისიის მანდატის შესაბამისად.

ასოცირების საბჭო შეთანხმდა ფართომასშტაბიანი პოლიტიკის გაგრძელებისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, და გამოხატა მხარდაჭერა შერიგებისა და ჩართულობის საქმეში საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიმართ, რომლის მიზანია, მოიცვას მოსახლეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასოცირების საბჭომ აღნიშნა გამყოფ ხაზზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების შემდგომი მხარდაჭერის, ასევე შერიგების ძალისხმევის ხელშეწყობის მნიშვნელობა.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე კრიზისების მართვის ოპერაციებში და მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში, საქართველოს მიერ განგრძობადი წვლილისათვის და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერებას. .

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პოზიციას ნოემბრის თვეში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და ცნობად მიიღო საქართველოს ჩართულობა 2020 წლამდე პერიოდში კონკრეტული წინადადებების შემუშავებაში. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა სტრატეგიების მკაფიო და კონკრეტული პოლიტიკის პრიორიტეტებად და შედეგებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეოთხე შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარეობდა ფედერიკა მოგერინი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი უმაღლესი ორგანოა, რომელიც ხელმძღვანელობს შეთანხმების განხორციელებას და განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებს.