ირაკლი კობახიძე - ძალიან სამწუხარო იყო განცხადებები, რომლებიც უკრაინელი ოფიციალური პირებიდან მოდიოდა, თუმცაღა პოლიტიკურად უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან სამწუხარო იყო განცხადებები, რომლებიც უკრაინელი ოფიციალური პირებიდან მოდიოდა, თუმცაღა პოლიტიკურად უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი

ძალიან სამწუხარო იყო მეორე ფრონტის შესახებ განცხადებები, რომლებიც უკრაინელი სამთავრობო ოფიციალური პირებიდან მოდიოდა, თუმცაღა უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად, საქართველოს ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც აქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით და აქვე ჰკითხეს, არის თუ არა მზად, რუსეთთან მიმართებით საერთო პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, განსაკუთრებით სანქციების დაწესებასა და სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით.

კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის.

„სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინელი სამთავრობო ოფიციალური პირებიდან მოდიოდა. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი – ძალიან სამწუხარო იყო ეს განცხადებები, თუმცაღა უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცედ გვწამს და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყანას პოლიტიკურად. ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის. განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ ამ პროცესში ვართ ჩართული. რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ამას კიდევ უფრო გავაძლიერებთ მომავალში. პოზიცია ძალიან მტკიცეა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.