პაველ ჰერჩინსკი - მართლაც შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა, მე დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას, იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო
პაველ ჰერჩინსკი - მართლაც შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა, მე დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას, იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო

მართლაც შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა, მე დავესწარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას, იყო გულწრფელი დისკუსია და ოჯახური ატმოსფერო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.

„დავესწარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა, ძალიან არსებითი დისკუსიები, ღია და გულწრფელი. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ოჯახური ატმოსფერო იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები მინისტრები მიიღეს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები. ეს იყო პირველი ასოცირების სხდომა, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. შედგა ძალიან კარგი, არსებითი და ღია საუბარი.

მოხარული ვარ, რომ პირველად, საქართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ ევროკავშირის სათავო ოფისებს. ჯოზეფ ბორელმა ხმამაღლა და ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული, რომ იმუშაონ ამ კარში შესასვლელად. ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით პროცესს.

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოეწვია ეუთო/ოდირ-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა საქართველოს დემოკრატია უფრო გაძლიერდეს, საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.