ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბრიუსელში თქვენი ჩამობრძანება იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ
საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია ბრიუსელში ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს ერთობლივად აქვთ ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
„მოგესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველოსთან ჩვენი პირველი ასოცირების საბჭოს სხდომა. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა. ეს საჭიროებს ძალისხმევის ახალ დონეს, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველას მხრიდან. ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროგრესში“, – განაცხადა ბორელმა.