„ევროაქტივი“ ვიოლა ფონ კრამონის მოსაზრებებს ავრცელებს - საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული, ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ სტატუსი
საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული, ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ სტატუსი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა გამოცემა „ევროაქტივთან“ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მან ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვისევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „ძალიან იაფფასიანი“ გადაწყვეტილება უწოდა.
„გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია. გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ სიტუაციაში ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერი გვიჯდება. მათ ამ სტატუსით მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევვაში ვნახეთ, შეიძლება მუდმივად მოუწიოთ. კანდიდატის სტატუსი იყო უკანასკნელი, რისი გაკეთებაც ევროპის ლიდერებს შეეძლოთ, ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე. ცხადია, კარგია ევროკავშირის ერთიანობა და უკრაინელებისთვის მიზნის მიცემა, როდესაც ისინი იბრძვიან საშინელ ომში. რაც შეეხება საქართველოს. ქვეყანას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების მოდერნიზაციაში. მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. და ამ ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ, და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ საშინაო დავალება და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.