ეველინ ფარკასი - „ჯაველინები“ სიგნალია, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრა ძვირი დაუჯდება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი ასისტენტი ეველინ ფარკასი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კია.
„ვფიქრობ ეს არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაც კია. 2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას.
ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ „ჯაველინების“ სრული ფასი დაიფაროს. თუმცა, საქართველოს, სავარაუდოდ ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება. მთავრობას მოვუწოდებ, იმოქმედოს სწრაფად და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად“, – აღნიშნა ფარკასმა.
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ეველინ ფარკასი აცხადებს, „ჯაველინები“ სიგნალია, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრა ძვირი დაუჯდება.
„ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება – დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა.
მისივე თქმით, „ჯაველინები“ აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ საქართველოს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ის მიიჩნევს, რომ ამ იარაღს რეგიონში სამხედრო ბალანსის შეცვლა არ შეუძლია და ეს ყველამ იცის.
საქართველო აშშ-ისგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს. Javelin-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გარიგებას მხარი დაუჭირა – საუბარია 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე.