ეუთო/ოდირის ანგარიში - საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მთლიანობაში მყარ საფუძველს იძლევა, თუმცა მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება
ეუთო/ოდირის ანგარიში - საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მთლიანობაში მყარ საფუძველს იძლევა, თუმცა მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება

საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მთლიანობაში მყარ საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, არსებულ ხარვეზებსა და ბუნდოვანებას „ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არათანმიმდევრული გამოყენება მოჰყვა“.

ანგარიშის თანახმადვე, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად დამტკიცებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, „თუმცა, გარკვეული რაოდენობის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით. მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისა და აღსრულების თაობაზე“.

ანგარიშში საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ არჩევნები იმართებოდა სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

ანგარიშის თანახმადვე, მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, „რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახებოდა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს ფართო შესაძლებლობები ჰქონდათ.

„ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიური, განგრძობადი და ცენტრალიზებულია. პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს ფართო შესაძლებლობები ჰქონდათ. არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო საარჩევნო სიაში 3,526,023 ამომრჩეველი იყო. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე ამომრჩეველთა სიაში შეყვანა მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი (დროებითი) მისამართის ან წარსულში რეგისტრირებული მისამართის მიხედვით ხდება. ცესკო ამომრჩეველთა სიებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ადგენს. 25 ამომრჩეველთა წინასწარ სიაში დაახლოებით 3,511,000 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის თანამოსაუბრეებს მის სიზუსტესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება არ გამოუთქვამთ. არ იყო გათვალისწინებული ოდირის წინა რეკომენდაცია ხმის მიცემის ადგილის დროებით ცვლილების დაშვებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო.

„რამდენიმე პარტიამ რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივრა. ერთი საქმე დაკმაყოფილდა. რეგისტრაციის პროცესი კამპანიის ოფიციალური დაწყებიდან 40 დღეში დასრულდა, რაც კამპანიის წარმოების თანაბარ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ შეკრებების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.

„თუმცა პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

აქტიური კამპანია ჩატარდა მედიაში და ინტერნეტში, მრავალმა კანდიდატმა გამოიყენა „ფეისბუქი“ ამომრჩევლებთან დასაკავშირებლად, თუმცა არსებით საკითხებზე დისკუსია ცოტა იყო. ამასთან, ოდირის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ასპექტები უპირატესობას აძლევს უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტად პატარა და ახალი პარტიების საზიანოდ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხზეც.

„ბოლო შესწორებებით გათვალისწინებულ იყო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა კამპანიის დაფინანსების ანგარიშების სანდოობასთან დაკავშირებით და ოდირის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის. ამავე დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობები კამპანიის დაფინანსების ერთიანობის ეფექტიან ზედამხედველობასთან დაკავშირებით შეზღუდული რჩება. პარტიებისა და კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების ზოგადი სისტემა, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, რაც არაპროპორციულად ხელსაყრელია რამდენიმე პარტიისთვის, ასევე შემოწირულობებისა და ხარჯების მაღალი ზღვარი, ხელს უწყობდა არათანაბარ პირობებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საარჩევნო კამპანიის გაშუქების საკითხსაც დაეთმო ყურადღება.

„მრავალფეროვანი და პლურალისტული მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებულია პოლიტიკურ მიმართულებებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის. ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი რაოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქება. ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. გარდა ამისა, რეალური საგამოძიებო გადაცემებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის ფონზე, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმული ბრალდებებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საჯარო სამსახურებში გენდერული ბალანსისა და ასევე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზეც არის საუბარი.

„ქალები ზოგადად არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი საჯარო სამსახურებში. წინა პარლამენტის შემადგენლობის 14 პროცენტს ქალები წარმოადგენდნენ, ხოლო წინა მინისტრთა კაბინეტის 12 წევრიდან ხუთი ქალია, მერის 64 თანამდებობიდან, ერთი ქალს უკავია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სამი წევრი, მათ შორის, თავმჯდომარე, ქალია. დაბალი დონის საარჩევნო კომისიის წევრთა და თავმჯდომარეთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ოდირის წინა რეკომენდაციის შესაბამისად, დაწესდა სავალდებულო გენდერული კვოტა კანდიდატების სიებისთვის, რომლის მიხედვით, მინიმუმ ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს ქალი. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 31 ქალი იქნა არჩეული (პარლამენტის შემადგენლობის 21%).

პარტიულ, მათ შორის მმართველი პარტიის სიებში რამდენიმე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი კანდიდატი იყო წარდგენილი, ასევე მაჟორიტარ კანდიდატად ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობების ენებზე ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის განკუთვნილი მასალების გავრცელებას უზრუნველყოფდა. აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა ეროვნული უმცირესობებიდან შვიდი კანდიდატი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ საარჩევნო დავების დარეგულირების სამართლებრივი სისტემა რთული და ზედმეტად შემზღუდავია.

„სარჩელების საჯაროდ ხელმისაწვდომი ონლაინ რეესტრმა, რომელსაც ცესკო აწარმოებს, პროცესის გამჭვირვალობა გაზარდა. ოდირის შეზღუდულ სადამკვირვებლო მისიასთან ბევრი გამოთქვამდა საარჩევნო კომისიებისადმი, სასამართლოებისადმი და სამართალდამცავებისადმი უნდობლობას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებლად და ეფექტიანად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. არჩევნების წინა დღეს დაფიქსირებული დაახლოებით 350 სარჩელიდან დიდი უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, ბევრი შესაბამისი განხილვის გარეშე, რაც ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას ლახავს.

არჩევნების დღის შემდგომ დაფიქსირებული დაახლოებით 1 660 საჩივრის განხილვა დაძაბულ გარემოში გაიმართა, რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფის ფონზე. ფორმალურ საფუძვლებზე საჩივრების უმეტესობის სისტემატურმა დაუკმაყოფილებლობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი