ესპანეთში უბედური შემთხვევის შედეგად ქართველი მეზღვაური დაიღუპა
ესპანეთში უბედური შემთხვევის შედეგად ქართველი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაცია დაადასტურეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. მათივე ცნობით, ასევე გარდაცვლილია ქართველ მეზღვაურთან ერთად მყოფი ორი თურქი მეზღვაურიც.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უბედური შემთხვევა არასწორად დასაწყობებული ტვირთის გამო მოხდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის თქმით, გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახი ინფორმირებულია, მიმდინარეობს ექსპერტიზა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადმოსვენება.

„გარდაცვლილია ქართველი მეზღვაური. აღნიშნულ საკითხს მართავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი წარმომადგენლობა ესპანეთში. შესაბამისად, ინფორმირებულია ოჯახი. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია ქართველი და მასთან ერთად მყოფი ორი თურქი მეზღვაური. ეს არის ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ინფორმაცია. არასწორად დასაწყობებული ტვირთის გამო მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მიმდინარეობს ექსპერტიზა და შემდეგ მოხდება ცხედრის გადმოსვენება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მათი ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და გადმოსვენების პროცედურებს სადაზღვევო კომპანია ახორციელებს.