ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი თანამდებობიდან გადადგა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი თანამდებობიდან  გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა.

კენჭისყრაზე 350 მანდატიანი პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 180-მა დელეგატმა, 169-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტს უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის ავტორი, მთავარი ოპოზიციური, „სოციალისტური მშრომელთა პარტიის” ლიდერი, პედრო სანჩესი დაიკავებს. კენჭისყრაზე გადამწყვეტი ბასკების ნაციონალური პარტიისა და მცირე მანდატიანი პარტიების ხმები აღმოჩნდა.

ესპანეთის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური სკანდალი ე.წ. გიურტელის საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება. საუბარია 1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, სახალხო პარტიის, საარჩევნო კამპანიის არალეგალურად დაფინანსებისთვის, სხვადასხვა ფონდებიდან თანხების მიღებაზე. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 24 მაისს დადგენილება მიიღო და საქმის 37 ფიგურანტიდან 29 დამნაშავედ ცნო.

მათ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, ანგარიშების გაყალბება, ვაჭრობაზე გავლენის მოხდენა და გადასახადებისთვის თავის არიდება ედებათ ბრალად. კორუფციული სქემის სათავეში ბიზნესმენი ფრანცისკო კორეა მოიაზრება. მას 51 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, მმართველ „სახალხო პარტიას”, როგორც თანამონაწილეს, საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო ფინანსირების მიღებისთვის, 245.5 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.