ესპანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა
ესპანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა.

სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის მთლიანი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. თუმცა, სოციალუსტური პარტიის წევრმა კანდიდატმა საჭირო ხმების მიღება ვერ შეძლო.

ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ორ დღეში გაიმართება მეორე კენჭისყრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად უკვე უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

როგორც ესპანური მედია წერს, 7 იანვარს დანიშნულ კენჭისყრაზე პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონიელი სეპარატისტების პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ საკითხზე სანჩესსა და კატალონიელ სეპარატისტებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა.

სანაცვლოდ კი ესპანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასა და კატალონიის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო და ამის გამო მთავრობის ფორმირება გაჭიანურდა.

აღსანიშნვია, რომ ესპანეთში მხოლოდ შარშან არჩევნები ორჯერ ჩაატარეს, თუმცა მთავრობის დაკოპლექტებმა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.