ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2023 წლის მეორე ნახევრისა და 2024 წლის საგამოფენო გრაფიკის შედგენას იწყებს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მიმდინარე წლის 20 მარტიდან იწყებს განაცხადების მიღებას 2023 წლის მეორე ნახევრისა და 2024 წლის საგამოფენო პროექტების განსახორციელებლად ეროვნულ გალერეასა (სივრცე 1, სივრცე 2, სივრცე 3, სივრცე 4, სივრცე 5, სივრცე 6, სივრცე 7) და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ მუზეუმებში გამოფენის მოსაწყობად პროექტის წარმოდგენის საშუალება აქვს თავად ავტორს, ავტორთა ჯგუფს, პროექტის კურატორსა და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს (არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე).
„განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა; გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა; ავტორის ჩანაფიქრის სათანადოდ აღქმისა და შეფასების უნარის განვითარება მაღალი მხატვრული ღირებულების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნაწარმოებთა ეფექტურად, ორიგინალურად ექსპონირების მეშვეობით; ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება.
საგამოფენო პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტიულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს და საკურატორო გამოფენებს.
არ განიხილება გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.
საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად – [email protected] ან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11. სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სამუშაო საათებში: სამშაბათი-კვირა 10:00-18:00 საათებში, შემდეგ ნომრებზე: 2 215 73 00; 599253823; 577784944.
დამატებითი ინფორმაცია სააპლიკაციო ფორმის, პირობებისა და სხვა პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/lAm0FJN