„ეროვნული ძალების გაერთიანება“ 14 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით პარლამენტთან აქციებს აანონსებს
„ეროვნული ძალების გაერთიანება“ 14 მაისს, 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობის გამართვას გეგმავს. როგორც გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძვრებიან, სადაც 17 მაისის ჩათვლით დარჩენას აპირებენ.
ბრეგაძის თქმით, მსვლელობა ნარკომოვაჭრეების, კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ეროვნული ძალებისთვის მიუღებელია პარლამენტის შენობასთან ამჟამად მიმდინარე აქციის შინაარსი.
„მათ მოუწევთ არაკანონიერი აქციის დაშლა და ჩვენთვის ადგილის დათმობა. გვინდა ჩვენს შეცდენილ თანამემამულეებს, მოვუწოდოთ, მოუხმონ ჭკუას. ოფიციალური განაცხადი უკვე შევიტანეთ მერიაში და 10 დღის ნებართვა ვითხოვეთ”, – ამბობს ბრეგაძე.
თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კი გუშინ განაცხადეს, რომ აპირებენ 17 მაისი და 26 მაისი პარლამენტთან იზეიმონ. აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე,“ცეკვა თავისუფლებისთვის” სახელწოდებით გრძელდება.
გუშინ პარლამენტთან ღია საკლუბო სცენა მოეწყო, სადაც ორგანიზატორების ინფორმაციით, ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები სოლიდარობის ნიშნად დაუკრავენ.