ერიკ შერერი - საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს დიდ საქმეს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია
გვჯერა, საზოგადოებრივი მედია არის გამოსავალი საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რათა გავზარდოთ ნდობა ჩვენსა და ხალხს შორის, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ შერერმა განაცხადა.
ერიკ შერერის თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ახალი ამბების ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებრივი მედიის ახალი ამბების ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საზოგადოება არის აუდიტორია, მოქალაქეები, რომლებიც გადატვირთული არიან დეზინფორმაციით, ხშირად ზოგიერთი სოციალური ქსელიც ეწევა პროპაგანდას. ძალიან რთული სამყაროა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ საზოგადოებრივი მედია არის გამოსავალი საზოგადოებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირში საზოგადოებრივ მედიას ყველაზე მეტად ენდობა ხალხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რათა გავზარდოთ ნდობა ჩვენსა და ხალხს შორის. ჩვენ გვაქვს ახალი გამოწვევები, მაგალითად, არის „ჩატ GPT“ და როგორ უნდა მოვერგოთ ამას, როგორ მივიღოთ სარგებლობა, როგორ ვიყოთ ძალიან ფრთხილად; ასევე, როგორ გავაშუქოთ კლიმატის ცვლილება, ომები, ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ომები სხვაგან. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ერიკ შერერმა.
ერიკ შერერის თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს დიდ საქმეს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მნიშვნელოვანი წევრია. საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს დიდ საქმეს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ასე რომ, მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება ხალხისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ერიკ შერერმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას მასპინძლობს. რიგით მე-18 ასამბლეა „რადისონ ბლუ ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს. ღონისძიება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. ასამბლეას ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმის ხელმძღვანელები ესწრებიან.