ერიკ ჰოგი - ჩვენი ორგანიზაცია ვერ გადაჭრის კონფლიქტს, ჩვენ აქ ვართ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ჩვენი ანგარიშები ევროკავშირის დედაქალაქებსა და უფრო ღრმა საზოგადოებას სწვდება, – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი „მოამბეს“ საკუთარ სტრატეგიაზე ესაუბრა. ერიკ ჰოგი მიიჩნევს, რომ EUMM-ს მანდატში არსებითი ცვლილებები არ შევა და გასული 10 წლის მსგავსად, მისი მთავარი საყრდენი კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანმება და ნდობის აღდგენაზე მუშაობა იქნება.
„ვფიქრობ EUMM-ის მანდატი მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩება, იგი კვლავ დაეყრდნობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლითაც ომი დასრულდა. გავაგრძელებთ სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაზე ფოკუსირებას. ვიმუშავებთ ომით დაზარალებულთა უფლებებზე და კომუნიკაციის ახალი შესაძლებლობებს შევქმნით” – განუცხადა ჰოგმა „მოამბეს“.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მონიტორინგს ევროკავშირის 25 ქვეყნის წარმომადგენელი ახორციელებს, რომლებმაც შექმნის დღიდან საქართველოში 60 000 პატრულირება განახორციელეს. მისიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მონიტორების მუშაობის აუცილებლობა მალე აღარ იდგება და პროცესი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტამდე მივა.
„თავიდან ჩვენი მანდატი გულისხმობდა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზხღვრებში მუშაობას, თუმცა როგორც იცით, გვეთქვა უარი სრულ წვდომაზე. მიუხედავად ამისა, კვლავ მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია. ჩვენი ორგანიზაცია ვერ გადაჭრის კონფლიქტს, ჩვენ აქ ვართ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ყოველთვის რთულია განსაზღვრო ჩვენნაირი მისიის წარმატება, რადგან კითხვა ასე ჟღერს – „რა მოხდებოდა EUMM-ი ადგილზე რომ არ ყოფილიყო. ჩემი აზრით, ჩვენ წარმოვაგდენთ მნიშვნელოვან ფაქტორს სიტუაციის სტაბილიზაციაში და იმაში, რომ არ მოხდეს საომარი მოქმედებების განახლება. ჩვენ ვართ შეუიარაღებელი, სამოქალაქო მისია, რომლის ანგარიშებიც მიდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და უფრო ღრმა სამოქალაქო საზოგადოებასაც სწვდება“,- აღნიშნავს ერიკ ჰოგი ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ერიკ ჰოგი EUMM-ს ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად 19 დეკემბერს დაიკავა, მან კაიასტუტის იანკაუსკასი ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას 2014-17 წლებში იკავებდა.