ერდოღანი - თურქეთის მიზანია, სირიის ქალაქი მანბიჯი „ნამდვილ პატრონებს“ დაუბრუნოს
თურქეთის მიზანია, სირიის ქალაქი მანბიჯი „ნამდვილ პატრონებს“ დაუბრუნოს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა აშშ-ს მანბიჯიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს სირიაში თურქეთის, ირანისა და შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ანგარიშები აქვს, რადგან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ აშშ-ის სამხედრო ფაქტორი ზემოხსენებული ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი მანბიჯში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების ნიშნებს ვერ ხედავს, რაც თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებებთან წინააღმდეგობაშია.
თურქეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკარა სირიის საზღვართან ტერორისტულ საფრთხეს მანბიჯიდან აფრინამდე გაანეიტრალებს.
სირიის ქალაქ მანბიჯში 2 000 ამერიკელი სამხედროა ბაზირებული.