ექიმის რეკომენდაცია მშობლებს, რომლებიც ბავშვებისთვის „ლაქტალისის“ პროდუქციას იყენებენ
პედიატრი ქეთი ნემსაძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, სალმონელას სიმპტომების დროს როგორ მოიქცნენ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციაში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა.
როგორც ქეთი ნემსაძემ განაცხადა, სალმონელა საფრთხის შემცველი ბაქტერიაა და იწვევს დიარეას.
მისივე თქმით, სალმონელა აზიანებს კუჭნაწლავს, ხდება ბავშვების გამოშრობა.
“თუ დროულად არ მოხდა ჩანაცვლება სითხით და მარილოვანი ხსნარით, შეიძლება გახდეს ფატალური ბავშვებისათვის. მისი გამოვლინება დამოკიდებულია ორგანიზმზე, თუმცა ეს დაახლოებით 2-3 დღეში იჩენს თავს. როდესაც ბავშვს აქვს კუჭნაწლავის აშლილობა და ის იკვებება გარკვეულ ფხვნილზე დამზადებული რძით, ამ შემთხვევაში წყლის ტემპერატურა არა 37 გრადუსი უნდა იყოს, არამედ 100 გრადუსი, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ბაქტერიების რაოდენობა. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, ასეთი რისკების ქვეშ არის თითქმის ყველა ხელოვნური ფხვნილზე დამზადებული საკვები, ამიტომ თუ ბავშვს აღმოუჩნდება ასეთი სიმპტომები, მშობელმა ის უნდა გადაიყვანოს ან ერთჯერად სტერილურ საკვებზე, ან გახსნას 100 გრადუსზე წყალში. რა თქმა უნდა, სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს”, – აცხადებს ექიმი.
ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.
ბავშვთა კვების პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს. Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.