საქართველოში ბავშვთა კვების კომპანია Lactalis-ის პროდუქციის ქსელიდან ამოღება მიმდინარეობს
საქართველოში ბავშვთა კვების კომპანია Lactalis-ის პროდუქციის ქსელიდან ამოღება მიმდინარეობს

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პირველ არხ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი”, – აცხადებენ სააგენტოში.

ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.  Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.