ექიმი - სანდრო ბრეგაძეს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული
ექიმი - სანდრო ბრეგაძეს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული

პაციენტს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ნერვოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო აქიაშვილმა „ქართული მარშის“ წევრის, სანდრო ბრეგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკაში 20 მარტს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს, სადაც რუსთავი 2-თან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება. კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული. გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება“, – განაცხადა ნინო აქიაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

შსს-მ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო სულ ექვსი პირი დააკავა. მათ წინააღმდეგ გამოძიება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.