ექიმი მანანა ჯებაშვილი - კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ იყო, სამედიცინო დახმარების საჭიროება თუ არ იყო, მე როგორ უნდა მომეთხოვა, არაფერი არ მოსვლია ცოტნე გამსახურდიას, ძალიან კარგად გამოვიდა იმ შიმშილიდან
ექიმი მანანა ჯებაშვილი - კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ იყო, სამედიცინო დახმარების საჭიროება თუ არ იყო, მე როგორ უნდა მომეთხოვა, არაფერი არ მოსვლია ცოტნე გამსახურდიას, ძალიან კარგად გამოვიდა იმ შიმშილიდან

არაფერი არ მოსვლია ცოტნე გამსახურდიას, ძალიან კარგად გამოვიდა იმ შიმშილიდან. თუ გინდათ მაინც და მაინც ამტკიცოთ ეს თეორემა, რომ იყო ორმაგი სტანდარტი, მაგაში ვერაფრით დაგეთანხმებით, –  ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ცოტნე გამსახურდიას პატიმრობის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა განაცხადა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

მანანა ჯებაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყავით და თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა დაგეცვათ. 200 დღის განმავლობაში შიმშილობდა სხვადასხვა მონაკვეთში ცოტნე გამსახურდია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყავით, რატომ არ გადაიყვანეთ ცოტნე გამსახურდია სამოქალაქო კლინიკაში?“.

მანანა ჯებაშვილის თქმით, არ ახსოვს, რომ იმ პერიოდში ცოტნე გამსახურდიას ჰქონოდა რამე პათოლოგია.

„არ მახსოვს, რომ იმ პერიოდში მას ჰქონდა რამე ისეთი პათოლოგია. პათოლოგია დაუდასტურდა, მოთხოვნა იყო კლინიკაში გადაყვანა და არ გადავიყვანეთ? ეგ მოთხოვნები საერთოდ არ იყო. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არსად არ იყო. რომელი ექიმის პოზიცია? თუ არ იყო სამედიცინო დახმარების საჭიროება, მე როგორ უნდა მომეთხოვა, არ მესმის ეს. არაფერი არ მოსვლია ცოტნე გამსახურდიას, ძალიან კარგად გამოვიდა იმ შიმშილიდან. თუ გინდათ მაინც და მაინც ამტკიცოთ ეს თეორემა, რომ იყო ორმაგი სტანდარტი, ვერ დაგეთანხმებით მაგაში ვერაფრით“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

კითხვაზე, „როგორ გამოვიდა კარგად? ცოტნე გამსახურდია ციხიდან რომ გამოვიდა, ვერ ჯდებოდა, სტუდიაშიც კი ვერ დაჯდა, დავიჯერო, თქვენ ეს კადრები.. ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდით?“, – მანანა ჯებაშვილის განმარტებით, ასეთი ფაქტი არ ახსოვს.

„ვერ ჯდებოდა, ეგ არ ვიცი, არ მახსოვს, რა ვქნა, რომ ვერ ჯდებოდა, ეს არ მახსოვს, მაგრამ ვერსად ვერ მოიტან იმას, რომ სამედიცინო დახმარებას ვინმე ითხოვდა ჩემი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს და…სასამართლო დარბაზში ვარ, თუ როგორ არის საქმე? მე ხომ მქონდა ჩემი განსაზღვრული ფუნქციები, მე პატიმრების ექიმად დანიშნული არ ვიყავი“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

„პატიმარი რომ კვდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს არ უნდა აინტერესებდეს?“, – აღნიშნულ კითხვაზე მანანა ჯებაშვილი პასუხობს, რომ ეს არის ჩასაფრებული პოზიცია.

„ეს არის ჩასაფრებული პოზიცია, ვიცი, თქვენ რაც გნებავთ. ჩასაფრებული პოზიციით მელაპარაკებით და არ გამოვა ეგ ამბავი, რადგან ყველა მინისტრის მოადგილეს ჰქონდა თავისი ფუნქცია და ჩემს ფუნქციაში ნამდვილად არ შედიოდა, რომ მე მივსულიყავი… დავსვათ მაშინ კითხვა, მეც გკითხავთ, ადამიანმა, რომელმაც გადაყლაპა ოცი ნივთი ლითონის, ნემსები და ლურსმნები, სად ხედავთ ახლა ან მინისტრს და ან მოადგილეებს, რომლებიც ამაზე წუხან და დარდობენ, არის ეგეთი?“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „125 პატიმარი გარდაიცვალა 2011 წელს ციხეში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყავით, შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდებოდა?“, – ჯებაშვილი პასუხობს: „ახლა რამდენი კვდება? შემცირდა?“. გადაცემის წამყვანმა მანანა ჯებაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ წელს გარდაცვლილია 21 პატიმარი.

„კიბატონო, მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ მე ზოგიერთ იმ კანონს, რომელიც მიმაჩნდა, რომ არ იყო მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ფრაქციაში ვიყავი, არ ვაძლევდი ხმას. როცა მიმაჩნდა ასე, ვაკეთებდი ასე, ამიტომ ჩემთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია. მთელი ჩემი დრო ამისთვის არ იყო გამოყოფილი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა მაშინ. ისე ვიყავი დატვირთული, რომ ღამეში ხუთი საათი მეძინა ან ოთხი. ჩვენ იმდენი საქმე გვქონდა შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ, ასეთი აწყობილი ქვეყანა, როგორც ახლა დახვდათ, არ დაგვხვედრია პირველ რიგში ჩვენ. ასე ჩაკირკიტება, ეს რა იყო და ის რა იყო, ძალიან ბევრი საქმე გვქონდა ჯანდაცვის მინისტრის თითოეულ მოადგილეს, გახსოვთ, როგორი ჯანდაცვა დაგვხვდა ჩვენ და როგორი ჩავაბარეთ შემდეგ ბიძინას ხელისუფლებას. მე ჯანდაცვის კომიტეტშიც და ჯანდაცვის სამინისტროშიც მხოლოდ ამას ვაკეთებდი, რომ შემექმნა ჯანდაცვის სისტემის მოდელები, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელი შემეწყო და ეს ყველაფერი მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

„რა მოდელი შექმენით ციხის პატიმრებისთვის, როდესაც ამდენი გარდაცვლილი იყო ყოველი წლის განმავლობაში“, – აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ მანანა ჯებაშვილმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო ნამდვილად სუსტი რგოლი იყო.

„კი, გეთანხმებით, ეს სუსტი რგოლი იყო, მე მაქვს გამბედაობა, ეს ვთქვა. სუსტი რგოლი იყო ზუსტად ციხის საავადმყოფო, არ იყო ისე აღჭურვილი, როგორც უნდა ყოფილიყო. ციხის საავადმყოფო ნამდვილად არ იყო ჩვენი საამაყო კლინიკა, ნამდვილად შემიძლია, ეს ვთქვა“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.