ექიმები დღეს გადაწყვეტენ, გადაიყვანენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს პალატაში
ექიმები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს პალატაში, – ამის შესახებ პირველ არხს ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
სავარაუდოდ სწორედ პალატაში გადაყვანის შემდეგ შეატყობინებენ გუგეშაშვილს შვილის დაღუპვის შესახებ და სამართალდამცველები მის გამოსაკითხად მივლენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.