ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობას მოაწყობენ. საოკუპაციო ხაზთან აქცია იგეგმება.
ღონისძიებით დაინტერესებულ პირებს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალური ქსელით მიმართავს და აფრთხილებს, რომ რესპუბლიკის მოედანის დაკეტვის გამო, ყველა, ვინც მანქანით აპირებს მისვლას, ელბაქიძის დაღმართზე, სამაიას ბაღთან შეიკრიბოს.
„მეგობრებო, ვაჟა ექიმის გულშემატკივრებო! პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.
იმედი მაქვს ხვალ ძალიან ბევრი ვიქნებით. გვინდა შეგატყობინოთ ხვალინდელი აქციის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:
ვიკრიბებით 11 საათზე რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 11:30-12:00 ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) გაემართება მანქანების მარში.
შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად. აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ მცირე მიმართვას.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში სახლში იქნება და მალე გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი „ფეისბუქში“.
ამასთან, სოციალურ ქსელში, სადაც აქციაზე წასვლის მსურველებისთვის ვრცელდება ინფორმაცია, აღნიშნულია, რომ მსურველებს რეგიონებიდან საოკუპაციო ხაზთან ელოდებიან 14:00 საათისთვის.
„პროტესტის ორგანიზატორები არიან სამედიცინო საზოგადოება და ოჯახი. პროტესტი არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, აპარტიული. ვიბრძვით უკანონობისა და ძალადობის წინააღმდეგ! მოვუწოდებთ ყველას, პროტესტის მსვლელობისას თავი შეიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, დავემორჩილოთ ქართველ სამართალდამცავებს. მოგმართავთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამიანის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, – აღნიშნულია „ფეისბუქის“ გვერდზე.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.