ენტონი ბლინკენი - ყველა ქვეყანა, რომელსაც ვესაუბრები, აშშ-სგან ელოდება, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან დაკავშირებით ვითამაშოთ წამყვანი როლი ჩვენი დიპლომატიით
ენტონი ბლინკენი - ყველა ქვეყანა, რომელსაც ვესაუბრები, აშშ-სგან ელოდება, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან დაკავშირებით ვითამაშოთ წამყვანი როლი ჩვენი დიპლომატიით

ყველა ქვეყანა, რომელსაც მე ვესაუბრები, ჩვენგან ელოდება, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან დაკავშირებით ვითამაშოთ წამყვანი როლი ჩვენი დიპლომატიით, რათა შევეცადოთ პროგრესის მიღწევას კრიზისის ყველა ასპექტში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი საერთო მნიშვნელი, რაც მოვისმინე მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, არის ამერიკის ლიდერობის იმპერატივი. ყველა ქვეყანა, რომელსაც მე ვესაუბრები, ჩვენგან ელოდება, რომ ვითამაშოთ წამყვანი როლი ჩვენი დიპლომატიით, რათა შევეცადოთ პროგრესის მიღწევას კრიზისის ყველა ასპექტში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთან, ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმ „საშინელი მსხვერპლის“ შესახებ, რომელიც ომს მოაქვს „პალესტინელებისთვის – კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის მშვიდობიან მოსახლეობაში“.

მისივე თქმით, ეს არის საკითხი, რომელზეც აშშ ყოველდღე მუშაობს.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ არა მხოლოდ ღაზაზე, არამედ იმაზე, რაც ხდება დასავლეთ სანაპიროზე. მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება დასავლეთ სანაპიროზე არსებული ძალადობის შესახებ. როგორც მოვისმინეთ, ისრაელის მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ამ საკითხს. ყურადღებით ვაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ბლინკენმა.

გარდა ამისა, ბლინკენმა ისაუბრა თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ.

„შეხვედრა მოიცავდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებზეც შეერთებული შტატები და თურქეთი ერთად მუშაობენ, მათ შორის ნატო-ს გაფართოების საკითხს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რატიფიკაციის ოქმებს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ერდოღანმა და ახლა თურქეთის პარლამენტის წინაშეა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე, რომელსაც ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად. თურქეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივით“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.