„ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ღამით ხანძარი გაჩნდა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ქვსედაგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე. ცეცხლი მოკლე დროში გავრცელდა ახლომდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე. ხანძარი ოპერატიულად დააფიქსირა ჰესის მორიგე პერსონალმა და სამაშველო სამსახურის შესაბამისი მეხანძრე ბრიგადებმა დროის მოკლე მონაკვეთში დაიწყეს ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
„ეპ ჯორჯია გენერაციისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი სამსახურები ასევე ადგილზე ახდენდნენ ოპერატიულ რეაგირებას, უზრუნველყოფილ იქნება უსაფრთხოების მოთხოვნები. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და ზარალის ოდენობის დადგენა.
ჰესის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაში ცეცხლი არ გავრცელებულა და ეს ისედაც გამორიცხული იყო, ქვესადგურის მდებარეობიდან გამომდინარე. არ არიან დაშავებული ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლები. ასევე, არ დაზიანებულა ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი“, – ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.
თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაიწვა ექვსი ტრანსფორმატორი.