ენერგეტიკოსი თენგიზ მუსელიანი აცხადებს, რომ თბილისის ყველა შადრევანში განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია
ენერგეტიკოსი თენგიზ მუსელიანი აცხადებს, რომ თბილისის ყველა შადრევანში განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია

ტუმბოს დამონტაჟება შეიძლება ცენტრში, ოღონდ ძაბვა უნდა იყოს ნაკლები, 12, ან მაქსიმუმ, 24 ვოლტი, – განაცხადა ენერგეტიკოსმა, თენგიზ მუსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„აგერ არის ცენტრში განთავსებული ის ჩაძირული ტუმბოები. მართალია, აქ იმ ტუმბოების ტიპი არ წერია, რა ტიპის არის და რა ძაბვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამას არ კრძალავს სტანდარტი და სტანდარტი გვეუბნება, რომ აქ უნდა იყოს ტუმბო, რომელიც მოიხმარს 12 ვოლტ ძაბვას. ამ ტუმბოს დამონტაჟება შეიძლება ცენტრში, ოღონდ ძაბვა უნდა იყოს ნაკლები, 12 ვოლტი, ან მაქსიმუმ, 24 ვოლტი. იმიტომ, რომ ეს უსაფრთხო ძაბვაა. თუ მეტი ვოლტი იყო, მაშინ ეს კაბელები მილებში უნდა ყოფილიყო ჩადებული და თუ რამე დაზიანება მოხდებოდა და გაჟონვის დენი გაჩნდებოდა, ამორთვის მოწყობილობას უნდა გაეთიშა. ყოველ შემთხვევაში, დამცავი ამორთვის მოწყობილობა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. მე არ მინახავს ეს პროექტი და არ ვიცი, იყო თუ არა პროექტში ნაჩვენები რელე. თუ პროექტში იყო, მაშინ წუნია იმისი, რომ არ იმუშავა. მართალია, შეიძლება, სერტიფიკატი ჰქონდა, მაგრამ არის შემთხვევები, რომ არ მუშაობს“, – განაცხადა მუსელიანმა.

ამ განცხადებით ენერგეტიკოსმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სად უნდა ყოფილიყო ტუმბო პროექტის მიხედვით, რადგან მერია ამბობს, რომ პროექტის მიხედვით ტუმბო შადრევნის შიგნით, ცენტრში უნდა ყოფილიყო დამონატაჟებული, ხოლო სარეაბილიტაციო პროექტის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ პროექტის მიხედვით, ტუმბოს გარეთ დამონტაჟება ჰქონდა გათვალისწინებული და ეს პირობა შემდეგ, სამუშაოების დროს დაირღვა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მან, როგორც სპეციალისტმა, სად დაინახა მთავარი პრობლემა და ჩავარდნა ამ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების დროს, თენგიზ მუსელიანმა აღნიშნა, რომ ჩავარდნა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში დაინახა.

„ჩავარდნა დავინახე იმაში, რომ კაბელები მილებში უნდა ყოფილიყო გატარებული და ისე არ უნდა იყოს ფსკერზე დაყრილი, როგორც ყრია. თუ ეს მილები ლითონის იქნებოდა, ყველა ერთად უნდა ყოფილიყო გაერთიანებული, რომელსაც ჰქვია პოტენციალის გათანაბრება და მერე დამიწებასთან შეერთებული. პროექტი არ მინახავს და არ ვიცი, ამ შადრევანს აქვს თუ არა გაკეთებული დამიწება. ისე, უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ პროექტის სტანდარტი არ ითხოვს, თუმცა ითხოვს დამცავ მოწყობილობას. იგივეა, მთავარია, მოწყობილობა გაითიშოს, დამიწების დანიშნულებაც ეს არის და დამცავი მოწყობილობისაც, რომ ავარიის შემთხვევაში მოწყობილობა გათიშოს“, – განაცხადა მუსელიანმა.

შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა მოთხოვნას, რომ თბილისის ყველა შადრევანში ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა, ენერგეტიკოსმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება აუცილებელია.