ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია, მიმაჩნია, რომ ის ვერ იკვებება
ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია, მიმაჩნია, რომ ის ვერ იკვებება

დასკვნაში გამოვთქვით ეჭვი, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება გაგრძელდებოდა, განვითარდებოდა კახექსია, რაღაც დროის შემდეგ კი დავრწმუნდით, რომ საქმე გვქონდა კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმემ, ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა.

„დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რატომ იკლებს წონაში. მთავარი არის ის, რომ ისეთი ხარისხის კლება გვაქვს, რომ მძიმე კახექსია ჰქვია ამას. მე სულ მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება. სკეპტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არ ჭამს. მე, ექიმი ენდოკრინოლოგი, ვთვლი, რომ ის ვერ იკვებება“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დადგეს მისი სიკვდილი, თუკი სათანადო მკურნალობა არ გაეწევა, მოწმემ უპასუხა: „დიახ, შესაძლებელია. მე ასევე ვეყრდნობი ბატონი ჩხაიძის აღსარებას, თუ ასე გაგრძელდა, პატიმარი დაიღუპებაო. ეს ჯერ კიდევ სამი თვის წინ თქვა“.