შალვა ხაჭაპურიძე - წამყვანი სახელმწიფოს, აშშ-ის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ თუ დროზე არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მესამე დონის საუკეთესო კლინიკაში, სიკვდილი გარდაუვალია
შალვა ხაჭაპურიძე - წამყვანი სახელმწიფოს, აშშ-ის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ თუ დროზე არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მესამე დონის საუკეთესო კლინიკაში, სიკვდილი გარდაუვალია

წამყვანი სახელმწიფოს, აშშ-ის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ თუ დროზე არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე დონის საუკეთესო კლინიკაში, სიკვდილი გარდაუვალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე დღევანდელ პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი დაიკითხა.

„ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო, რასაც სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან ამდენი ადამიანი, მისი მომხრე თუ ექიმი ამბობდა და აკრიტიკებდა მისი მკურნალობის, დიაგნოზების პოზიციებს. ეს დღეს ჩვენ მოვისმინეთ ცალსახად, დადასტურებულად, მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საწინააღმდეგო მხრიდან არგუმენტების მოყვანის მცდელობაც კი არ ყოფილა. დღეის მერე, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განცხადებები, რომ ჭამოს, რა უშლის ხელს, რატომ არ ჭამს, არაფერი მას არ სჭირს ისეთი, რომელსაც ჩვენ, საქართველო ვერ ვუმკურნალებთო. წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლის მედიცინა მსოფლიოში წამყვანია – და არ დაგვავიწყდეს, რომ არა აშშ, კოვიდი დღესაც იქნებოდა მსოფლიოში – განაცხადა, რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი, რომ თუ დროზე არ მოხდა მისი გადაყვანა მესამე დონის საუკეთესო კლინიკაში, სიკვდილი გარდაუვალია.

მთელი გასაოცარი მომენტი ის არის, რომ მოწინააღმდეგე მხარე გამოდის სასამართლო პროცესზე ისე, რომ საქმის მასალებს არ ეცნობა. ამ საქმის მასალებში არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, სადაც ჩვენ მიგვეტანოს რაღაც, ჩაგვედოს. მთელი მტკიცებულებები მიტანილია მათ მიერვე შედგენილი ავადმყოფობის ისტორიებით. ანუ, ეს კვლევები დაეყრდნო იმ მასალებს, რაც მათ მიერვე არის ჩატარებული. უბედურებაც ისაა, რომ წაკითხულიც არ აქვთ“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.