მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.

აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მის მიერ მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

აღნიშნულ შუამდგომლობას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5 პროცენტია“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

მოგვიანებით, ადვოკატებმა მეორე პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის აცილებაც მოითხოვეს.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.