მიხეილ სააკაშვილი - 7 ნოემბრის შემდეგ მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ერთ-ერთი ორგანოს მწვავე ანთება, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე
მიხეილ სააკაშვილი - 7 ნოემბრის შემდეგ მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ერთ-ერთი ორგანოს მწვავე ანთება, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე

7 ნოემბრის შემდეგ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„დავით აღმაშენებელი არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაში. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. თუმცა, აგერ ვუყურებ ინგა გრიგოლიას და მინდა, ვთქვა, რომ ინგამ ამასწინად ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა იმაზე, რომ როდესაც პოლიცია შევიდა იქ, დიდი სტრესი განვიცადეო და მოხვდა კლინიკაში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ინტერვიუ ინგას. მას შეიძლება, ახსოვს, მთავრობის სახლში დიდი, გრძელი ინტერვიუ მივეცი, მაგრამ მინდა, გითხრათ, ჯერ ერთი ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე, ამ ინტერვიუს რომ ვიძლეოდი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე. მე მინდა, ეს იცოდეს ინგამ. არასდროს მითქვამს, ეს ასე იყო. იმ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის, თემურ ჯანაშიამაც“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არის კამათისა და მის მიმართ პრეტენზიების მოსმენისთვის, თუმცა არა ამ სასამართლოს წინაშე.

„ამიტომ მეგობრებო, ვინც კამყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით. ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომებისა საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო და ყველაფერი, მე მინდა, ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია, მზად ვარ, ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება, აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან. აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარზისიც და განწმენდის პროცესი. ბოდიშს აქ, ცხადია, მე არავისგან ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას. მაგრამ ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან, სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა, რადგან ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან. რუსი თვლის, იქ რომ ჩადიხარ, რუსს უნდა ასიამოვნო, აქ რომ ჩამოდის, რუსს უნდა ასიამოვნო. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ესენი რუსები არიან. ამათი ყველა ინსტინქტი არის რუსული და ამიტომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა, უკანასკნელის გაცემა და გაღება შენს სტუმარზე და მეგობარზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.