ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი - მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები
ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი - მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე, დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი.

ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა კი შეუსაბამო სახით ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები. აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, არის მოუვლელი. ფრჩხილები მოსაწესრიგებელია. ეს დემენციის სიმპტომებია. ის ავლენს სისუსტეს, სკამიდან ადგომა უჭირს და სიარულიც უჭირს. მან დაიკლო წონაშიც.

დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ეს რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. ის უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, ან ამერიკაში, ან ევროპაში, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიკური ელემენტების“,- განაცხადა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა.

ექსპერტ-ფსიქიატრი ფიქრობს, რომ ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი.

ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გლდანის ციხეში გადაყვანა მისთვის სერიოზული ტრავმა იყო.

„ეს ის დაწესებულება იყო, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაარსდა. სხვა პატიმრები მის მიმართ არ იყვნენ სიმპათიებით განწყობილები. ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ, ციხის ადმინისტრაცია კი არ იყო მზად დახმარებისთვის. პატიმრები გამუდმებით უყვიროდნენ და მას არ შეეძლო ძილი.

მას აქვს პოსტტრავმული აშლილობა. მას ეს ტრავმული მოგონებები უახლდება. მაღალი სტრესი და აღელვება აქვს. ის სიმპტომები, რაც აქვს, არის სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია.

ის არ აყალბებს იმ ფაქტს, რომ მას მეხსიერების პრობლემები აქვს. გამოვრიცხავ მისი მხრიდან სიმულაციას. მას დასჭირდება ამის მკურნალობა“, – განაცხადა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა.