EMC - პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას სისტემური პასუხი სჭირდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საჯარო დისკუსია გამართა თემაზე – ძალის გადამეტების პრობლემა პოლიციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან გადაცდომების არაეფექტური გამოძიება და დაუსჯელობა მიუთითებს, რომ საქმე ეხება არა ინდივიდუალური პოლიციელების გადაცდომებს, არამედ პოლიციის მუშაობაში დაშვებულ პრაქტიკას.
დისკუსიის დროს კვლევის ავტორებმა თბილისსა და რეგიონებში მომხდარი არაერთი ფაქტი დაასახელეს, რომელსაც მათი შეფასებით, სისტემური პასუხი არ გაეცა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეპრესიული საპოლიციო მუშაობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში.
რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, არასამთავრობო ორგანიზაცია და დღევანდელი დისკუსიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა საკანონმდებლო ხარვეზების მოწესრიგება. დისკუსიას სახალხო დამცველის, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები ესწრებოდნენ.