EMC ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოხატავს
EMC ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოხატავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ზელიმხან ხანგოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუშინ, ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი მეჩეთში მიდიოდა, ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა და ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ 2015 წელს ხანგოშვილზე თბილისში მომხდარი თავდასხვის საქმის გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მკვლელობის საქმის გამოძიებაში ამ ეპიზოდის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მწუხარებას გამოხატავს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) სასტიკი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს მხნეობას უსურვებს.

გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო, რასაც ზელიმხან ხანგოშვილისა და მისი სხვა თანამებრძოლების საჯარო და დემონსტრაციული მკვლელობებიც ადასტურებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ხანგოშვილების ოჯახი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ფაქტის გამოძიების მონიტორინგსა და ზელიმხან ხანგოშვილის ინტერესების დაცვას, მის ადვოკატთან ერთად, EMC ახორციელებდა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ მას არსებითად ფორმალისტური ხასიათი აქვს და მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მკვლელობის მცდელობაზე მიუთითებდა, გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაიწყო; ზელიმხან ხანგოშვილისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის მაღალი რისკის არსებობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა უარი განაცხადეს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე დაზარალებულის მიმართ;  საქმეზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის ვიდეოჩანაწერების ამოღება და შესწავლა ან საერთოდ არ განხორციელებულა ან დაგვიანებით ჩატარდა, რამაც მტკიცებულებების  განადგურება გამოიწვია და შეუძლებელი გახადა თავდამსხმელი პირების დროული იდენტიფიცირება და დაკავება; გამოძიებამ არ უზრუნველყო ამოცნობის პროცედურის ჩატარება ზელიმხან ხანგოშვილთან ერთად და მნიშვნელოვანი საექსპერტო კვლევები საქმეზე მხოლოდ სამი წლის შემდგომ ჩატარდა“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სამართლებრივი ხარვეზებისა და გამოძიების ფორმალური ხასიათის გათვალისწინებით, მას რამე სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე არ მოყოლია.

„გამოძიების დინამიკა აჩვენებს, რომ პროკურატურას საქმეზე სიმართლის დადგენის და ეფექტიანი რეაგირების რეალური ინტერესი არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გააჭიანურა და აშკარა გულგრილობა გამოავლინა. გამოძიების ხარვეზებისა და გამოვლენილი გულგრილობის ფაქტებზე EMC-მ და კერძო ადვოკატმა  არაერთხელ მიმართეს სახალხო დამცველსა და საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.

ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეძლებს სრულყოფილი გამოძიების წარმოებას და დამნაშავე პირების გამოვლენას. არსებითია, მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში 2015 წლის მაისში თბილისში განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდის გათვალისწინება. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პროკურატურა ეფექტიანად ითანამშრომლებს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან გამოსაძიებელ საქმეებზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობის ფაქტს პანკისის ხეობაში მისი ახლობლები ადასტურებენ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი ცნობილია და გერმანიაში საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცავებთან არკვევს აღნიშნული ინფორმაციის დეტალებს.