EMC - გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს
EMC - გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც EMC-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი.

განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში. კერძოდ, ორივე განაჩენში დაცვის მხარის კრიტიკაზე, რომ პროკურატურამ არ უზრუნველყო ცალკეული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რის საფუძველზეც არ იქნა მოპოვებული ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები.  მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, თუმცა არ გულისხმობს მტკიცების ტვირთის გადატანას დაცვის მხარეზე, რაც არსებითად დაარღვევდა მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარისთვის დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის იმიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც EMC-ში აცხადებენ, საქმეზე ასევე დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა.

„მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნული საკითხი შეფასებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მითითებულია, რომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ რელიგიური პირის მიმართ საქმის განხილვის გამო, საზოგადოებაში დამკვიდრებული რელიგიური ზნეობრივი პრინციპებიდან, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით მორალური ზიანის მიყენებიდან გამომდინარე მიიღო. სასამართლომ დახურვის არგუმენტად ადვოკატის უსაფრთხოების დაცვა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების დაცვა დაასახელა, რაც იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმეთა დაკითხვა არ ხორციელდებოდა, სრულიად არარელევანტური პირობა იყო. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს. კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელ ელემენტზე განზრახვის არსებობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

EMC აცხადებენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს.

„საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს. საქმეზე საჯაროობის სრულმა და თვითნებურმა შეზღუდვამ ბრალდების მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდო და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროცესზე საჯარო კონტროლი შეზღუდა, რაც ცხადია, არსებითად აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს სისტემის მიმართ. EMC შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზი  მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”, – აცხადებენ EMC-ში.