EMC - ბავშვის უფლებების დაცვისთვის გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ძირითად გამოწვევებს
არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ორგანიზაციაში – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ.
ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს ან ნაწილობრივ პასუხობს მას.
„სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აღსრულების მდგომარეობა აჩვენებს, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში სწავლების ხარისხი და უწყვეტობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სპეციალური პედაგოგების არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობა, სასწავლო დაწესებულებების, სასკოლო ინვენტარისა და სასწავლო მასალების მისაწვდომობა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.