ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პირველი მოსმენით განიხილავს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პირველი მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ „ბავშვის უფლებათა კოდექსს“.

პროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები. აღნიშნული კოდექსის მიზანია, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები ხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პროექტის მიხედვით, ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა განისაზღვრება ყოველი ბავშვის უფლება, ისარგებლოს სოციალური დაცვით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, რომელსაც მოიცავს ბავშვთა უფლებების კოდექსი.

„ეს თავისი შინაარსით არის ძალიან ეროვნული პროექტი. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კანონის დონეზე პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. როგორ შეიძლება, ასეთი კანონი იყოს ანტიეროვნული, როდესაც ჩვენ როგორც სკოლაში, ასევე სახლში ოჯახებში და მთლიანად სახელმწიფო უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ენის, ტრადიციების. ეს პირდაპირ არის მითითებული ბავშვის კოდექსში და ჩვენი მიზანი არის, რომ ბავშვი პირველ რიგში ოჯახში აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. როგორ შეიძლება, ასეთი პროექტი იყოს ანტიეროვნული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.