მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვა კანონმდებლობის დონეზე მოხდება
მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვა კანონმდებლობის დონეზე მოხდება

ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებული იქნება, ისეთი მექანიზმები შეიმუშაოს, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით, ბავშვისთვის საფრთხის შემცვლელ ინფორმაციაზე მისი წვდომა დაბლოკოს.

შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.

ამასთან, ცვლილებებით აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონებსა და კაფეებში ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე. სრული შეზღუდვა იმ შემთხვევაში გავრცელდება, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისთვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული, ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებსა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის წვდომა ინტერნეტქსელზე დასაშვებია, თუ დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისთვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).

პროექტში აღნიშნულია, რომ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში განთავსების მოწესრიგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდება.

დატოვე კომენტარი