ემანუელ მაკრონი ბრექსიტის შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების თარიღამდე შეთანხმების ახლიდან განსახილველად საკმარისი დრო არ არის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ე.წ. ბექსტოპი პროცესისთვის აუცილებელია. აღნიშნულმა მექანიზმმა ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ბარიერის წარმოქმნის პრევენცია უნდა უზრუნველყოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე, ბრექსიტის შეთანხმების მიღწევის დროს მხარეები სწორედ ამაზე შეთანხმდნენ.
„აღნიშნული მექანიზმი აუცილებელია არამხოლოდ ტექნიკური საჭიროების გამო, არამედ ის ირლანდიაში სტაბილურობის და საერთო ბაზრის განვითარების გარანტია.“ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონთან შეხვედრის დროს.
თავის მხრივ ბორის ჯონსონმა, რომელიც ე.,წ. ბრექსტოპს ეწინააღმდეგება, განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საზღვარზე საკონტროლო პუნქტებს არ აღმართავს, თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, საბაჟო კავშირის დაცვა და დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტი შეთავსებადი უნდა იყოს.