ელისო კილაძემ დედებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა
მოვუწოდებ ყველა დედას, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან, „ფეისბუქზე“, მობრძანდით აქ, ჩვენ ვიქნებით პირველ რიგებში, ვიდგებით ბოლომდე, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ელისო კილაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მეტროები ჩაკეტა და საჯარო სამსახურში ადამიანებს აშინებენ.
„დღეს, 19:00 საათზე „ქართულმა მარშმა“ და ფაშისტურმა ორგანიზაციებმა დაგეგმეს კონტრაქცია, თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ჩვენი პასუხი ამაზე არის ძალიან მშვიდობიანი. მოვუწოდებ ყველა დედას, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან, “ფეისბუქზე“, მობრძანდით აქ, ჩვენ ვიქნებით პირველ რიგებში, ჩვენამდე ამ ფაშისტებს არ მივუშვებთ, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვდგავართ აქ და ვიდგებით ბოლომდე, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება. ეს არის პასუხი იმ ფაშისტური ორგანიზაციების მოწოდებაზე, რომელიც ფილარმონიასთან იკრიბება 19:00 საათზე. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, რადგან მათი ამოცანაა, რომ ეს აქცია როგორმე გამარგინალდეს. არ იქნება ასე. დედებო, გამობრძანდით გარეთ და ბოლომდე დავდგეთ ჩვენი შვილებთან ერთად, ვიდრე სამართლიანობა არ იქნება”, – განაცხადა ელისო კილაძემ.