ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს
„თი-ბი-სი გალერეაში“ პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ვირტუოზებმა კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს.
კონცერტში მონაწილეობას ფონდის ხუთი წევრი იღებდა, რომელთა ასაკი 10-დან 14 წლამდეა.
„ეს ბავშვები არიან ფონდ „ლირას“ წევრები, რომლებიც ძალიან ბევრ საერთაშორისო პროგრამაში არიან ჩართული და ვფიქრობ, დიდი სტიმულია მათთვის ფონდში ყოფნა და პროგრამებში მონაწილეობა“ – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას პიანისტმა და ფონდ „ლირას“ დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ.
ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ 2012 წელს დააარსა. მისი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და ხელშეწყობა.
ახალგაზრდა პიანისტები ფონდის დახმარებით რეგულარულად მონაწილეობენ საზღვარგარეთ მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალაკონცერტებში.