ელენე ხოშტარია - თბილისის მერმა ემოციები და გაღიზიანება გვერდზე უნდა გადადოს
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებს, ემოციები და გაღიზიანება გვერდით გადადოს და ქალაქის გენგეგმაზე მსჯელობა ერთობლივად გაიმართოს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ელენე ხოშტარია გენგეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქის გენგეგმა პარტიული დოკუმენტი არ არის.
„ეს ერთი მერის დოკუმენტი არ არის, მთლიანად ქალაქის დოკუმენტია. გენგეგმას ყველა მოქალაქეზე ექნება გავლენა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მსჯელობა შევძლოთ იმაზე, თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მილიონობით ლარი დაიხარჯა და დიდი ინტერესი არსებობს იმის, თუ რაში დავხარჯეთ მილიონობით ლარი და ამის შედეგი რა არის“, – აცხადებს ხოშტარია.
დეპუტატი „ბილტმორში” გუშინ გამართულ შეხვედრაზე განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის წარმომადგენლების მხრიდან არაპროფესიონალურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.
„გასალანძღად შეკრებილი შეხვედრა იყო. როგორც ჩანს, ამ ჯგუფის გაშავება მოხდა და ეჭვი მაქვს, რომ ეს გეგმა კახი კალაძემ არ მიიღოს. ეს არაკეთილსინდისიერი მიდგომაა, რადგან კითხვები უნდა იყოს, მაგრამ ვიღაცაზე გადაბრალება უსამართლო და არასწორია. სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე შეხვედრაზე ძალადობას მიმართა, სიტყვა გამაწყვეტინა, ოპოზიციონერის მიმართ გაიწია და შეურაცხყოფაც ისმოდა. მერმა გადაწყვიტა, რომ განსხვავებული აზრი დაბლოკოს. ეს ის ატმოსფერო არ არის, სადაც ქალაქისთვის რაიმე სასარგებლო შედეგის მოტანას შევძლებთ, მით უმეტეს, გენგეგმაზე. მესმის, რომ ქალაქის მმართველობა სტრესულია, პრობლემა ბევრია და ადამიანურად მისი ნერვიულობაც შემიძლია გავიგო, მაგრამ თბილისის მერმა ემოციები და გაღიზიანება გვერდზე უნდა გადადოს და ისეთ ატმოსფეროს ნუ დათესავს, როცა თავის კარში იკეტება და განსხვავებულ აზრს არ უშვებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, დღეს კალაძე მხოლოდ საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება და განსხვავებულ აზრს ბლოკავს. დეპუტატის განცხადებით, შეუძლებელია კითხვა არ დაისვას იმის შესახებ, თუ სად წავიდა გენგეგმაზე დახარჯული 2,5 მილიონი ლარი ან რა ბედი ელის დოკუმენტს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დღეს პარლამენტში განიხილავენ. ქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, პარლამენტში თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხვდებიან. ოპოზიცია აპროტესტებს, რომ შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
გუშინ, გენერალური გეგმის საჯარო განხილვას კი, დაპირისპირება მოჰყვა.