რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გენგეგმასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გენგეგმასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეჰყავს და სიცრუეს ტირაჟირებს.

მან „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის დროს სკვერებსა და ბაღებში გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე ისაუბრა და ოპოზიციას მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამამტკიცებელი კონკრეტული მაგალითები მოსთხოვა.

„სპეციალურად ამოვიღე სამშენებლო ნებართვები, რომელიც არის გაცემული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სკვერებში, მათ შორის ვაკის პარკში, მუშტაიდის ბაღში, ვერის პარკში. როდესაც ლევან ხაბეიშვილი და ჩვენი სხვა ოპონენტები ანალოგიურს იტყვიან, იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული მაგალითები, სად გაიცა ახლა სკვერებში მშენებლობის ნებართვა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, გენერალური გეგმის წაკითხვას თავისი სპეციფიკა აქვს და ცოდნა სჭირდება.

„სწორედ იმიტომ მიმდინარეობს განხილვების ხანგრძლივი პროცესი, რომ გამოსწორდეს ყველა ხარვეზი, რაც რეალურად იყო და საბოლოო დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში შემოვა, მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს“, – განაცხადა სოხაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დღეს დედაქალაქის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, რასაც კამათიც  მოჰყვა.