დედაქალაქის საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს 
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს 

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკური კომპონენტის ნაწილის განხილვა სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე კი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დარბაზში მსხდომებს სიტყვით მიმართა, 10 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და დეპუტატებს სთხოვა წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილებისთვის.

ამის შემდეგ სხდომაზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე არქიტექტორი გიორგი აბაშიძე წარსდგა.

სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ იკამათეს.

კერძოდ კამათი ლევან ხაბეიშვილის კითხვამ გამოიწვია, როდესაც მან თბილისის გენგეგმას „ქართული ოცნების“ ბიზნეს გეგმა უწოდა და რევაზ სოხაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა თაბორის მთაზე დაგეგმილ მშენებლობას. საპასუხოდ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საკვირველია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ერთის მხრივ, გენგეგმის ავტორებისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობების გადახდა, ხოლო მეორე მხრივ, დოკუმენტისთვის ბიზნესგეგმის წოდება.

რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ სპეციალურად დღევანდელი განხილვისთვის არქივიდან ამოღებული დოკუმენტები ჰქონდა მოტანილი. საბუთები კი ლევან ხაბეიშილისა და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეკრეაციულ ზონებში უკანონოდ გაცემულ ნებართვებს ეხებოდა. ამის პასუხად ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ეს შენიშვნა არა უშუალოდ მას, არამედ გიგი უგულავასა და „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნოდა და თუ ვინმეს გასულ წლებში უკანონოდ გაცემულ ნებართვებზე ჰქონდა კითხვები, სწორედ ამ პიროვნებისა და პარტიისთვის უნდა მიემართა.