ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე სამინისტრო მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავს
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე სამინისტრო მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავს

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს კომუნიკაციას იმისთვის, რომ ვაქცინის დამატებით მოცულობები შემოვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება უწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზების განსაზღვრასთან დაკავშირებით დეტალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმიდან შემოვა. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, „კოვაქს“ პლატფორმა არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა რა თქმა უნდა, სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც გააჩნია სანდო ვაქცინა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ რისკის შემცველ ჯგუფებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მედიკოსებიდან პირველ რიგში, ყველაზე მეტად მოწყვლადი რისკის ჯგუფები აიცრებიან. ტიკარაძის თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, დარწმუნებულია, საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს, რომ ჩვეული ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად აცრა მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება მედიკოსებს, მათშიც არის გამოყოფილი მეტად უფრო მოწყვლადი და რისკის შემცველი ჯგუფები. შესაბამისად, ვაქცინაცია დაიწყება სწორედ ამ პრინციპით. პირველ რიგში აიცრებიან რეანიმატოლოგები, ემერჯენსის და სასწრაფოს ექიმები, ხოლო შემდეგ ყველა ის დანარჩენი ექიმი, რომელიც არის შემხებლობაში ინფიცირებულ ადამიანთან ან გააჩნია გარკვეული რისკი. ეს ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ყველა წევრი იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია იმისათვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.