ეკატერინე ტიკარაძე - გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, გერმანია მზად არის, ჩვენი მოქალაქეები განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის, ასევე, პირველ რიგში, ცოდნის გაცვლის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„2020 წლის 17 იანვარს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის მთავრობას შორის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განგვესაზღვრა 2020 წლის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მასშტაბით დაიწყო გლობალური პანდემია, ამ პროექტის განხორციელება 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა. თუმცა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ და გერმანიამ შეძლეს და სწორად მართეს პანდემია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ წელს, 15 თებერვლიდან მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების შესახებ. ეს პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს დასაქმების სააგენტოსაც უკვე გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება, გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აქვე უნდა იქნას განმარტებული, რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრულია სამი თვით, რაც მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე, პირველ რიგში, ცოდნის გაცვლის მიზნით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.