ეკატერინე ტიკარაძე - საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ, მსოფლიოში არსად არჩევენ ვაქცინას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა და სხვა ქვეყნებში ვაქცინებს წარმოების მიხედვით არ არჩევენ.
მისივე განმარტებით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მიიღო შენიშვნა, რომ ვაქცინების განსხვავება ხდება.
„რაც შეეხება აცრას, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ. არანაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მათი მიდგომა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.