ეკატერინე ტიკარაძე - მივიჩნევთ, რომ ვაქცინაცია ეტაპობრივად აკრეფს საჭირო სიჩქარეს და დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, ჩვენც შევძლებთ მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის დაწყებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ხოლო ორმაგი ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს 9 ათას მოქალაქეზე მეტს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეროვნული კალენდრით, რომელიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და კოვაქს პლატოფორმასთან, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდი უნდა დამდგარიყო ზაფხულში.
„მიუხედავად ამისა, საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაცილებით მეტი რაოდენობას მოსახლეობას მივეცით ხელმისაწვდომობას ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც ასევე მიწოდების უსაფრთხოებითაც არის უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა, რათა დავაკმაყოფილოთ ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კვირის მანძილზე ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო მოწოდებული, ეს იყო დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი სამი ათასი. გუშინ ჩვენ გვყავდა სამი ათასზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს. აცრილია ამ ეტაპზე 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს. ისევე როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს მზადება, არჩეული იქნება ოთხი მსგავსი დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.